სასტუმრო ტელეგრაფი მსოფლიოს 16 ყველაზე ლამაზ სასტუმროს შორის დასახელდა

სიახლე
12.05.2026

გაზიარება

Photo

ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმრო ტელეგრაფი, რომელიც ყოფილი ცენტრალური ფოსტისა და ტელეგრაფის ისტორიულ შენობაშია განთავსებული, Prix Versailles-ის 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი სასტუმროების სიაში მოხვდა.

Prix Versailles წარმოადგენს არქიტექტურულ კონკურსთა სერიას, რომელიც ყოველწლიურად UNESCO-სთან თანამშრომლობით მსოფლიოში თანამედროვე არქიტექტურის საუკეთესო პროექტებს წარმოაჩენს. კონკურსებში წარმოდგენილი პროექტები გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურული ხედვით და შემოქმედებითი დიზაინით, კულტურულ კონტექსტთან კავშირით, ეკოლოგიური ეფექტიანობით და მდგრადობით.

2026 წელს შერჩეულ 16 სასტუმროს შორის რეგიონიდან მხოლოდ ტელეგრაფია წარმოდგენილი.

„მსოფლიოს ულამაზესი სასტუმროების 2026 წლის სიაში წარმოდგენილი ყველა პროექტი განასახიერებს ესთეტიკურ მომხიბლველობაზე და ინოვაციაზე დაფუძნებულ ცხოვრების წესს და იდეალურად ერგება ადგილობრივ გარემოს. ეს პროექტები წარმოგვიდგენს ნათელ მაგალითს, თუ როგორ გამოიყურება სრულყოფილება შენობების ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინში, და გვთავაზობს სტუმარმასპინძლობის განსაკუთრებულ ფორმას, რომელიც ამდიდრებს გარემოს და პასუხობს მოგზაურთა მოლოდინებს და სურვილებს. ეს სასტუმროები, თითოეული თავისი უნიკალური ხასიათით, ქმნიან ნათელ პერსპექტივას და, თავისებურად, ამყარებენ დიალოგს დღევანდელი კულტურული გლობალიზაციის სამყაროში.“ - Jérôme Gouadain, Prix Versailles-ის გენერალური მდივანი.

“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გახსნიდან 1 წელიწადიც არ გასულა და ტელეგრაფი Prix Versailles მსოფლიოს ყველაზე ლამაზ 16 სასტუმროს შორის დასახელდა. ტელეგრაფი უკვე იქცა თბილისში ერთ-ერთ მიზიდულობის ცენტრად და შეხვედრების საყვარელ ადგილად. ის ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობს და თანამედროვე არქიტექტურის უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. ტელეგრაფის შენობა პირველად იერსახეს ინარჩუნებს, როგორც არქიტექტორების ლადო ალექსი-მესხიშვილის და თეიმურაზ მიქაშავიძის მიერ შექმნილი თავისი დროის გამორჩეული არქიტექტურული ნიმუში, და ამასთან ერთად, Neri&Hu-ს მიერ შექმნილი შესანიშნავი ინტერიერით, თბილისის ცენტრს განსაკუთრებით ამშვენებს.”- გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი

რესპუბლიკის მოედანზე მდებარე ყოფილი ცენტრალური ფოსტის ისტორიული შენობის სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქციის კონცეფცია თამანედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ სტუდია Neri&Hu-სთან თანამშრომლობით შემუშავდა. Neri&Hu არის მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურულ და დიზაინ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება აქვს, მათ შორის ისტორიული შენობების რეკონსტრუქციაზე. ტელეგრაფის რეკონსტრუქცია ისტორიული იერსახის შენარჩეუნებით განხორციელდა და გარდა შესანიშნავი დიზაინისა, ითვალისწინებს მწვანე ენერგოეფექტური სასტუმროს შექმნას, რაც განახლებული შენობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია და თანამედროვე შენობის ხარისხის განსაზღვრისას ერთ-ერთ მთავარ პარამეტრად მიიჩნევა. სამშენებლო სამუშაოები სილქ დეველოპმენტმა განახორციელა, ხოლო საერთაშორისო სტანდარტის სტუმარმასპინძლობა და გამორჩეული სერვისი პროექტს სილქ ჰოსფითალითიმ შესძინა. დღეს სასტუმრო ტელეგრაფი საქართველოს პრემიუმ ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

ასევე აღსანიშნავია, რომ ტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციის, The Leading Hotels of the World, წევრი გახდა, რაც საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას ემსახურება.

გარდა ამისა, MICHELIN Guide 2025-მა სასტუმროს 2 MICHELIN Key მიანიჭა, რაც საქართველოში და რეგიონში უპრეცედენტო შემთხვევაა. სასტუმროში მდებარე Grand Café და Laan Thai კი დასახელდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გასტრონომიულ გზამკვლევად აღიარებულ La Liste-ის Food Gems-ის სიაში. თითოეული ეს წარმატება სილქ როუდ ჯგუფის ორი მიმართულების, სილქ დეველოპმენტისა და სილქ ჰოსფითალითის, მრავალწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგია.