მელიქ-აზარიანცის სახლში ზედა სართულების დასუფთავებისა და სახურავის აღდგენის სამუშაოები ჩატარდა

სილქ დეველოპმენტმა მელიქ-აზარიანცის სახლის ზედა სართულების დასუფთავებისა და სახურავის გამაგრებისა და განახლების სამუშაოები ჩაატარა.
ალექსანდრე მელიქ-აზარიანცმა შემოსავლიანი სახლის მშენებლობა 1912 წელს (ზოგი წყაროებით, 1913 წელს), 22 წლის ასაკში მძიმე დაავადებით გარდაცვლილი ქალიშვილის, თაქუის სახელის უკვდავსაყოფად დაიწყო. მაშინ ამ ადგილას ხევი და ნაგავსაყრელი იყო, თუმცა მელიქ-აზარიანცმა შეძლო, არაერთი დაბრკოლება გადაელახა და არქიტექტორ ნიკოლაი ობოლონსკისთან ერთად, რთული გეოლოგიური მდებარეობის მიუხედავად, 1915 წელს მშენებლობა დაესრულებინა.
სახლი იმდროინდელი თბილისის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა და არქიტექტურასთან ერთად, სამშენებლო პროცესში გამოყენებული ინოვაციური მიდგომებითაც გამოირჩეოდა: რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, უნიკალური ჩუქურთმებითა და ბარელიეფებით, დეკორატიული ნალესით, მოსაპირკეთებელი მასალით, მოხატულობითა და ინტერიერით. ტრადიციული საძირკვლის მაგივრად, ტყვიის კარკასში განთავსდა სარდაფები და გვირაბები, რომელთა შესაქმნელადაც სპეციალურად გამომწვარი აგური იყო გამოყენებული.
6-სადარბაზოიანი კომპლექსი აღჭურვილი იყო ელექტროენერგიით, წყალმომარაგებით, სატელეფონო სადგურით, აბაზანითა და სამზარეულოთი. იგი მოიცავდა ფოტო სალონს, საბავშვო ბაღს, სამხატვრო გალერეას, კინოთეატრს, შადრევნიან ბაღს და ა.შ. ცხადია, სახლი იმდროინდელი თბილისის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.
მელიქ-აზარიანცის სახლი თბილისის ღირსშესანიშნაობად და მოდერნის მასშტაბურ ნაგებობად სამართლიანად ითვლება. შენობის მხატვრულ-არქიტექტურულ იერს Art Nouveau-ს სტილისთვის დამახასიათებელი ფაქტურული კონტრასტი ქმნის. მისი მთავარი ფასადის კომპოზიცია ასიმეტრიას, განსხვავებული ზომისა და ფორმის ელემენტების ურთიერთკავშირს, სხვადასხვა მოსაპირკეთებელი მასალის ფერებსა და ფაქტურების კონტრასტს ეფუძნება, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მთლიანობაში ერთიანი და ჰარმონიული ფასადი იქმნება, სახლი კი ორგანულად ერწყმის რელიეფს. შენობის ძირითადი გეგმა ფრთების მსგავს ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც ქუჩათა გადაკვეთაზე მომრგვალებული კუთხით იკვრება.
შოთა რუსთაველის გამზირზე 37 ნომერში მდებარე შენობის, კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცესი სილქ როუდ ჯგუფმა ეტაპობრივად 2007 წლიდან დაიწყო და ამჟამად კომპანია მთლიანი ფართობის 80%-მდე ფლობს. დარჩენილ ფართში რჩებიან ბინებისა და კომერციული ფართების კერძო მესაკუთრეები.