სასტუმრო ტელეგრაფმა პროექტის არქიტექტორს, ლინდონ ნერის უმასპინძლა

სიახლე
16.09.2025

გაზიარება

Photo

თბილისის ისტორიულ ცენტრში მდებარე 5-ვარსკვლავიან სასტუმრო „ტელეგრაფში“ საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტორისა და დიზაინერის, სტუდია Neri&Hu Design and Research Office-ის დამფუძნებელი პარტნიორის, ლინდონ ნერის ლექცია გაიმართა. სწორედ მისი მისი პარტნიორის – როზანა ჰუს ხელმძღვანელობით იმუშავა მსოფლიოში ერთ-ერთმა გამორჩეულმა არქიტექტურულმა სტუდია Neri&Hu-მ სასტუმრო „ტელეგრაფის“ კონცეფციაზე.

ლექციის ფარგლებში ლინდონ ნერიმ სტუმრებს გააცნო „სილქ დეველოპმენტთან” კოლაბორაციით პროექტის შექმნის ისტორია – როგორ იქცა ისტორიული მემკვიდრეობა თანამედროვე დიზაინთან შერწყმის მთავარ შთაგონებად და როგორ გარდაიქმნა თითოეული დეტალი ინსპირაციის საფუძვლად. მან ასევე ისაუბრა არქიტექტურული სტუდია Neri&Hu Design and Research Office-ის პრინციპებსა და იმ გამორჩეულ პროექტებზე, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე საერთაშორისო არქიტექტურული და დიზაინ სამყაროს შთაგონების წყაროდ იქცა.

„როდესაც Silk Development-მა სასტუმრო „ტელეგრაფის” პროექტისთვის მოგვმართა, ამ შესაძლებლობამ მაშინვე დაგვაინტერესა. ჩვენ თავიდანვე შევნიშნეთ ადგილის ისტორიული დატვირთვა და მისი ფარული პოტენციალი. ტელეგრაფის შენობას თბილისის სოციალურ მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია – არა მხოლოდ როგორც ფიზიკურ ღირსშესანიშნაობას, არამედ როგორც კომუნიკაციის, კავშირისა და მიმოცვლის სივრცეს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „სილქროუდ ჯგუფის” დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის ხედვა თავიდანვე თანხვედრაში იყო ჩვენს მიდგომასთან. ორივე მხარე მკაფიოდ ვაცნობიერებდით, რომ შენობას აუცილებლად უნდა შეენარჩუნებინა ისტორიული ღირებულება, თუმცა, ამავდროულად, უნდა მომხდარიყო მისი ადაპტაცია ახალ ეპოქასთან. გიორგი საკმაოდ შორსმჭვრეტელი პიროვნებაა და მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესად იქცა. 

გიორგი რამიშვილი და ლინდონ ნერი

სასტუმრო „ტელეგრაფი“ არ იყო რეკონსტრუქიის პროექტი, არამედ ეს გახლდათ შენობის ახლებურად გადააზრებისა და მისი რეინტერპრეტაციის მცდელობა, რაც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ რეკონსტრუქცია. ჩვენ არ გვსურდა ამ ნაგებობის მხოლოდ არქიტექტურული ნაწილის განახლება, ვინაიდან გვჯერა, რომ ყველაზე მთავარი იმ “სულის” გაცოცხლებაა, რაც შენობას ოდესღაც გააჩნდა. თუ გავითვალისწინებთ „ტელეგრაფის“ სტუმრების სიმრავლესა და მუდმივად დატვირთულ სივრცეებს, ვთვლი, რომ ჩვენ ეს გამოგვივიდა”, – აღნიშნა ლინდონ ნერიმ.

ტელეგრაფის პირვანდელი არქიტექტურა ეკუთვნის ლადო ალექსი-მესხიშვილსა და თეიმურაზ მიქაშავიძეს. ფასადი მოპირკეთებულია ბოლნისის ტუფით, რაც ქმნის გამორჩეულ ვიზუალურ ეფექტს და ერგება თბილისის ურბანულ ესთეტიკას. სასტუმროს განახლებულ დიზაინში შენარჩუნებულია ძველი შენობის ავთენტური დეტალები.

Neri&Hu-ს შესახებ:

Neri&Hu Design and Research Office თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ სახელად არის აღიარებული. სტუდია ლინდონ ნერისა (Lyndon Neri) და როზანა ჰუს (Rossana Hu) მიერ შანხაიში დაარსდა და მსოფლიოს მასშტაბით უნიკალურ პროექტებს ქმნის. მათი შემოქმედება ეფუძნება სივრცის სიღრმისეულ კვლევას, რომელიც არქიტექტურას ქმნის როგორც ისტორიის, კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების გადაკვეთის წერტილს. სტუდია განსაკუთრებული გამოცდილებით გამოირჩევა ისტორიული შენობების რეკონსტრუქციის მიმართულებით, სადაც წარსულისა და აწმყოს არქიტექტურული ბალანსი იქმნება. სწორედ ამ მიდგომამ მოუტანა მას მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო და აღიარება.

სილქ დეველოპმენტის შესახებ:

სილქ დეველოპმენტი 2005 წლიდან ქმნის განსაკუთრებულ და საერთასორისო სტანდარტების პროექტებს უძრავი ქონების სექტორში, რომლებიც უნიკალურ ადგილმდებარეობასა და ბუნებრივ გარემოს ორგანულად ერწყმის. მათ შორის, თბილისსა და ბათუმში მდებარე „რადისონ ბლუს“ ბრენდის სასტუმროები, „რადისონ ქოლექშენის“ ბრენდის სასტუმრო წინანდალში და „პარკ ჰოტელ წინანდალი“, წინანდლის მამულის ვილები,  კომპლექსი „რესპუბლიკა“, „ივერია ბიჩ კლუბი“, ღამის კლუბი „Noble Savage“, კაფე „ივერია“, სპორტული კომპლექსი „ნეპტუნი“ და „მწვანე კონცხი ბოტანიკო“.

სილქ დეველოპმენტმა ბათუმში ახლახან გახსნა 20 000 კვადრატული მეტრის ახალი რეკრეაციული სივრცე, რომლის დიზაინსა და კონცეფციაზე საერთაშორისო კომპანიამ „მასუ პლენინგმა“ იმუშავა. ის მასშტაბური პროექტის Silk Towers-ის საწყისი ეტაპი და მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტზე მუშაობს ცნობილი იაპონური არქიტექტურული კომპანია Kengo Kuma and Associates.