სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა თავისი პირველი საერთაშორისო 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვება. 5-წლიანი ობლიგაციების წლიური განაკვეთი 7.50% შეადგენს.
აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს როგორც კომპანიის, ასევე საქართველოს კერძო სექტორის კაპიტალის ბაზრებისთვის.
ეს არის უნიკალური ტრანზაქცია საქართველოს ისტორიაში, როგორც ქართული კომპანიის მიერ განხორციელებული უმსხვილესი კერძო კორპორატიული ემისია, რომელმაც მიაღწია ქართულ ემიტენტებს შორის ყველაზე დაბალ სპრედს, ისევე, როგორც ქვეყნის პირველი საერთაშორისო ემისია 2024 წლის ივლისის შემდეგ, რამაც პრაქტიკულად აღადგინა ქართველი მსესხებლებისთვის საერთაშორისო ბაზარზე წვდომა.
ობლიგაციების გამოშვების პროცესი ერთობლივად მართეს მსოფლიოს უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა და ფინანსური მომსახურების კომპანიამ J.P. Morgan, და მსოფლიოს უმსხვილესმა კერძო საინვესტიციო ბანკმა UBS.
ზემოთხსენებულ უმსხვილეს საინვესტიციო ბანკებთან ერთად ტრანზაქციის თანაწამყვანი მენეჯერები არიან თიბისი კაპიტალი, გალტ&თაგარტი და საერთაშორისო საბროკერო და საინვესტიციო ბანკი Oppenheimer. პროცესის იურიდიულ უზრუნველყოფაზე იმუშავეს მსოფლიოს წამყვანმა იურიდიულმა კომპანიებმა Baker McKenzie და Dentons, ადგილობრივ იურიდიულ ფირმებთან Dentons Georgia და BLC ერთად, ხოლო აუდიტორული სამუშაო შეასრულა კომპანიამ KPMG.
ობლიგაციებზე მოთხოვნამ 3-ჯერ გადააჭარბა ემისიის მოცულობას და მიაღწია 1.3 მილიარდ დოლარს, რაც ნათლად ასახავს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას ჯგუფის საკრედიტო რეიტინგის და განვითარების სტრატეგიის მიმართ.
გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი:
„ეს ტრანზაქცია წარმოადგენს გარდამტეხ მომენტს როგორც სილქ როუდ ჯგუფისთვის, ასევე მთლიანად საქართველოს კერძო სექტორისთვის. ჩვენი წარმატება ძალიან კარგი სიგნალია ქართული ბიზნესისთვის. თუ ჩვენ ეს შევძელით, სხვებიც შეძლებენ. რაც მეტი ქართული კომპანია გავა კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე, მით მეტ სიკეთეს მოუტანენ საქართველოს ეკონომიკას.
მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს J.P. Morgan-სა და UBS-ს მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და ჩვენი კომპანიის მიმართ ურყევი ნდობისთვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა, თიბისი კაპიტალს, გალტ&თაგარტს, ოპენჰაიმერს და ყველა სხვა პარტნიორს.“

დევიდ ბორგერი, სილქ როუდ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი:
„სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ სადებიუტო საერთაშორისო ობლიგაციების წარმატება ეფუძნება ჰოლდინგის კომპანიების მყარ რეპუტაციას, „სილქნეტის“ ლიდერობით, და ჩვენი შიდა საფინანსო გუნდის პროფესიონალიზმს. ეს იყო ნამდვილად ნაყოფიერი თანამშრომლობა ყველა ჩვენი მრჩეველი ორგანიზაციების გუნდებთან, რომელიც აერთიანებდა სტრატეგიულ ფოკუსსა და ოპერაციულ სრულყოფილებას.“
სტეფან ვილერი, J.P. Morgan-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სასესხო კაპიტალის ბაზრების ხელმძღვანელი:
გვეამაყება, რომ შევძელით სილქ როუდ ჯგუფის მხარდაჭერა ამ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევაში. ტრანზაქციამ ინვესტორების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რაც ასახავს როგორც კომპანიის ძლიერ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, ასევე ქართულ კომპანიების მიმართ საერთაშორისო ინვესტორების მზარდ ინტერესს. სილქ როუდ ჯგუფის წარმატებულმა ემისიამ ხელახლა გახსნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრები ქართველი ემიტენტებისთვის და დააწესა ახალი სტანდარტი ხარისხისა და აღსრულების თვალსაზრისით.“
პოლ მაჰონი, UBS-ის აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის კორპორატიული სასესხო კაპიტალის ბაზრებისა და ინფრასტრუქტურული დაფინანსების კონსულტირების ხელმძღვანელი:
„სილქ როუდ ჯგუფის სადებიუტო ემისიამ ნამდვილად მაღალი ხარისხის საერთაშორისო ინვესტორთა ბაზა მიიზიდა. შედეგი ნათლად აჩვენებს საერთაშორისო ნდობას ჯგუფის განვითარების სტრატეგიისა და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის მიმართ. მოხარულები ვართ, რომ ვიყავით სილქ როუდ ჯგუფის პარტნიორები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ტრანზაქციაში.“
ეს წარმატებული ემისია კიდევ უფრო აძლიერებს სილქ როუდ ჯგუფის წვდომას საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე და ამყარებს მის რეპუტაციას, როგორც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი მრავალპროფილური კერძო ჯგუფის, რომლის საქმიანობა მოიცავს სატელეკომუნიკაციო, სტუმარ-მასპინძლობის, უძრავი ქონების და ინფრასტრუქტურის სექტორებს.
ტრანზაქციის ძირითადი მახასიათებლები:
· გამომშვები: Silk Road Group Holding LLC
· ემისიის მოცულობა: 400,000,000 აშშ დოლარი
· კუპონი: 7.50%
· სტრუქტურა: 5-წლიანი (5NC2) სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოფილი არასუბორდინირებული ვალდებულება
· რეიტინგები: BB- (Fitch, Stable) / B1 (Moody’s, Stable)
· ლისტინგი: Euronext Dublin (GEM)
· მიზანი: არსებული Silknet 2027 ობლიგაციების რეფინანსირება, ბანკებისა და ადგილობრივი დავალიანების დაფარვა, ზოგადი კორპორატიული მიზნები
