Silk Road Group-ის 400 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციებმა CEE Legal Matters Deal of the Year Award 2025 მოიპოვა
მოხარულები ვართ, რომ 2025 წელს Silk Road Group-ის 400 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციების გამოშვება წლის საუკეთესო გარიგებად დასახელდა გამოცემის CEE LEGAL MATTERS Deal of the Year Awards 2025-ის ფარგლებში.
გამარჯვებული გარიგება ბუქარესტში, 2025 Deals of the Year Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდა, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების იურისკონსულტების გენერალური სამიტის პარალელურად გაიმართა და რეგიონის წამყვან სამართალმცოდნეებს და იურიდიულ მრჩევლებს უმასპინძლა.
ევროობლიგაციების გამოშვების ტრანზაქციას ერთობლივად ხელმძღვანელობდნენ J.P. Morgan და UBS, როგორც პარტნიორები და წამყვანი კონსულტანტები. ასევე პარტნიორების როლში გამოვიდნენ TBC Capital, Galt & Taggart და საერთაშორისო საბროკერო და საინვესტიციო ბანკი Oppenheimer.
ტრანზაქციის სამართლებრივ მხარეს კურირებდნენ საერთაშორისო იურიდიული კომპანიები Dentons და Baker McKenzie, ადგილობრივ პარტნიორებთან Dentons Georgia და BLC-სთან თანამშრომლობით. აუდიტორული მომსახურება უზრუნველყო კომპანიამ KPMG.
სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი:
“გასული წლის 400 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდების განთავსება მნიშვნელოვანი ეტაპი იყო სილქ როუდ ჯგუფისთვის. მადლობას ვუხდით ამ წარმატებულ ტრანზაქციაში ჩართულ ყველა პარტნიორს, ისევე, როგორც ჩვენი ჯგუფის პროფესიონალების გუნდს. იურიდიულმა მრჩევლებმა თავიანთი გამორჩეული მუშაობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ წარმატებაში. მოხარული ვარ, რომ ეს ტრანზაქცია რეგიონის იურიდიულმა საზოგადოებამ წლის საუკეთესო გარიგებად აღიარა.”